воскресенье, 19 октября 2008 г.
суббота, 18 октября 2008 г.
უკვდავი შარავანდედი
პროექტის მოკლე აღწერა: ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.
მისი უდიდესი როლი საქართველოს პოლიტიკურ,მეცნიერულ და კულტურულ არენაზე.
პროექტის სრული აღწერა: ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"-ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.
ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.
მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ა. ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე.
სამშობლოში დაბრუნება, ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად, 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.
დიდი მეცნიერი და მამულიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო...
საბედნიეროდ, დღეს ღირსეულად დაფასდა ექვთიმე თაყაიშვილის უდიდესი ღვაწლი. იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.